ნერგეტა ამჟამად სხვა ქართველი მიკრო-ფერმერებისაგან იძენს კივის. მათგან კივის შეძენა მომავალშიც გაგრძელდება. მაგრამ მიკრო-ფერმერებს არ გააჩნიათ საკმარისი ცოდნა და ფინანსური სახსრები რათა გაზარდონ წარმადობა და დანერგონ აუცილებელი საირიგაციო სისტემები. ამის გამო მათი მოსავლიანობა წლიდან წლამდე ცვალებადია და არაპროგნოზირებადი. მაგალითად 2010 წლის ივლის-აგვისტოს გვალვის გამო მიკრო-ფერმერთა საკარმიდამო ნაკვეთებში გაშენებული კივის მოსავლიანობამ რამდენჯერმე იკლო. მორწყვის გარეშე მიტოვებული კივის ნერგებმა სერიოზული სტრესი განიცადა და 2011 წლის მოსავალი კიდევ უფრო ნაკლები იყო ვიდრე 2010 წელს. ამასთანავე მიკრო-ფერმერთა სერიოზული სუსტი წერტილია ერთნაირი ხარისხის კივის მოყვანა და მცირე ზომის კივის წილის სიჭარბე საერთო რაოდენობის მოსავალში.

ეს იყო ის ძირითადი მიზეზები რის გამოც ჩვენ გადავწყვიტეთ საკუთარი კივის პლანტაციის გაშენება. საკუთარი წარმოება საშუალებას მოგვცემს ერთგვაროვანი ხარისხი უზრუნველვყოთ და ჩავარდნების გარეშე მივაწოდოთ საჭირო რაოდენობის პროდუქცია ჩვენს მომხმარებლებს.

შესაფერისი ნაკვეთების მოძიება რამოდენიმე თვე გაგრძელდა და რამდენიმე ნაკვეთის დათვალიერების, ნიადაგის ანალიზების შემდეგ 2010 წელს შევიძინეთ პირველი მიწის ნაკვეთი. იმავე წლის ოქტომბერში დავიწყეთ მოსამზადებელი სამუშაოები და 2011 წლის იანვარში გავაშენეთ კივის პირველი პლანტაცია 14 ჰექტარზე ხოლო 2012 წლის იანვარში დამატებით 10 ჰექტარზე. ჩვენი პლანტაცია უზრნველყოფილია თანამედროვე სარწყავი სისტემით, ქარსაფარი ფირებითა და სადრენაჟო არხებით.

ამ ვიდეოზე კი ხედავთ თუ როგორი ყურადღებით რგავს ნერგეტას თანამშრომელი ნერგს. ის გულმოდგინედ შლის ყველა ფესვს თანაბრად რადგან მან უკვე იცის რომ თანაბრად და მსუბუქად გაშლილი ფესვები აუცილებელია ნიადაგიდან საკვებისა და წყლის მაქსიმალური რაოდენობით მოპოვებისათვის.