ჩვენ გთავაზობთ ჰაივარდის ჯიშის მწვანე კივის. ველური კივის სამშობლო ჩინეთია, მდინარე იანძის ხეობა, მაგრამ კივის კულტურა მსოფლიოს ახალ ზელანდიელებმა გააცნეს. იზაბელ ფრაზერი ჩინეთის სკოლებში ასწავლიდა და 1904 წელს, ახალ ზელანდიაში დაბრუნებისას, თან კივის თესლები ჩაიტანა. კივის ყველაზე გავრცელებული ჯიში ჰაივარდის სახელს ატარებს, ახალზელანდიელი აგრონომის, რაიტ ჰაივარდის პატივისცემის ნიშნად. კივის ყოველთვის კივი არ ერქვა. მას თავიდან ჩინურ ხურტკმელს(Chinese Goosberry) უწოდებდნენ. ამერიკელ ვაჭრებს არ მოსწონდათ ეს სახელი და ახალ ზელანდიელებმა მოიფიქრეს ახალი სახელი: Kiwifruit. შთაგონების წყარო იყო ზელანდიური ფრინველი: კივი. საქართველოში კივი, ისევე როგორც ფეხბურთი, სამეგრელოდან შემოვიდა, მაგრამ არა ფოთიდან. პირველ კერად სახელდება 3 სხვადასხვა რაიონი: ხობის, სენაკისა და ზუგდიდის. კივის შემოტანის ზუსტი თარიღი ჩვენთვის უცნობია მაგრამ ეს დაახლოებით 1980-1982 წლებში მომხდარა. როგორ ვიცნოთ ნერგეტას კივი? ნერგეტას კივის ცნობა შესაძლებელია ნერგეტას საფირმო ნიშნიანი სტიკერით რომელიც მიკრულია თითოეულ ჩვენს კივიზე. ნერგეტას საფირმო ნიშანი შექმნილია ნერგეტას თანამშრომლების მიერ და საავტორო უფლებები დაცულია საქპატენტის შესაბამისი დადგენილებით. როგორია მწიფე კივი? კივი მწიფეა და საკვებად სასიამოვნოა თუ მისი შაქრიანობა არის მინიმუმ 12%. ადვილად უნდა იჭრებოდეს ანუ არ იყოს ძალიან მკვრივი. სიმკვრივეც იზომება და მომხმარებლისთვის მისაღებად ითვლება როდესაც სიმკვრივე არ აღემატება 1,5-2კგ/სმ². თვითონ კივის მოკრეფის დროსაც თავისი წესი აქვს და არ უნდა მოიკრიფოს სანამ შაქრიანობა არ მიაღწევს მინიმუმ 6,2%. თუ უფრო ნაკლები შაქრიანობის კივის მოვკრეფთ, ის ვერასდროს მიაღწევს 12% შაქრიანობას. ნერგეტა მიერ შეთავაზებული ქართული კივი იკრიფება, ინახება და მწიფდება ყველა წესების დაცვით. როგორ ხდება მიკრო-ფერმერებისგან კივის შესყიდვა? ყოველ წელს დაახლოებით 15 ოქტომბერიდან სამეგრელოს სხვადასხვა სოფელში კივის შაქრიანობის შემოწმება იწყება. იმ შემთხევაში თუ შაქრიანობის მაჩვენებელი აჭარბებს 6.2%, ცხადდება შესყიდვის სეზონი. ადგილობრივი ტელეარხების მეშვეობით დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ცხადდება შესასყიდი ფასები და ჩვენი საკონტაქტო ტელეფონის ნომრები. მიკრო-ფერმერები გვიკავშირდებიან, აზუსტებენ ჩაბარების დროს, რაოდენობას რის შემდეგაც დათქმულ დროს მოაქვთ თავიანთი მოსავალი ჩვენი კივის მიმღებ პუნქტში. როგორ ხდება მიღებული კივის დახარისხება? თითოეული კივის პარტიის გარჩევა ხდება მომწოდებელი მიკრო-ფერმერის თვალწინ. ნერგეტას 10 თანამშრომელი სპეციალურ მაგიდაზე სათითაოდ ამოწმებს ყველა კივის. დეფექტიანი და 60გრ-ზე ნაკლები კივი ცალკე გამოიყოფა და უბრუნდება მომწოდებელს. უნაკლო და 60გრ-ზე მეტი კივი კი იფუთება მუყაოს ყუთებში და ინახება სამაცივრე ოთახებში. როგორ ხდება კივის დამწიფება? კივის დამწიფება ხდება სამაცივრე ოთახებში. მიუხედავად დაბალი ტემპერატურისა კივი დამწიფება მაინც გრძელდება. იმატებს შაქრიანობა და იკლებს სიმკვრივე. შენახვის დაწყებიდან დაახლოებით 2 თვეში შაქრიანობის საშუალო მაჩვენებელი აღწევს 14.5%. ამის შემდეგ იწყება ჩვენი სარეალიზაციო სეზონი რომელიც გრძელდება იანვრიდან აპრილის ბოლომდე. ხდება თუ არა კივის ხელმეორე გადარჩევა სარეალიზაციოდ გაგზავნის წინ? დიახ. პირველად კივის გარჩევა ხდება მიკრო-ფერმერებისაგან შესყიდვისას და მეორედ თითოეული ყუთის ხელახალი გადარჩევა ხდება უშუალოდ სარეალიზაციოდ გაგზავნის წინა დღეს. ეს ხდება იმის გამო რომ შენახვის პროცესში ხილის გარკვეული ნაწილი კარგავს სამომხმარებლო თვისებებს და საჭიროა მათი ამოღება.